შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში: ესტონეთის გამოცდილების ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
ჯანდაცვის რეფორმა, ესტონეთი, შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსება, კაპიტაცია, პირველადი ჯანდაცვაანოტაცია
შესავალი: პირველადი ჯანდაცვა (პჯდ) წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების, დაავადებების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯების შემცირების ფუნდამენტურ ინსტრუმენტს. საქართველოში მოქმედი დაფინანსების მოდელი ეფუძნებოდა ერთიან ფიქსირებულ კაპიტაციას, რომელიც სრულად ვერ ითვალისწინებს ასაკთან დაკავშირებულ განსხვავებულ ჯანმრთელობის საჭიროებებს და არ უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესების საკმარის სტიმულებს. ამ გამოწვევების საპასუხოდ, საქართველო 2025 წლის ივლისიდან იწყებს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს ასაკზე მორგებული კაპიტაციისა და შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურების მექანიზმების დანერგვას. მოცემული კვლევა მიზნად ისახავს რეფორმის მოსალოდნელი გავლენის ანალიზს ესტონეთის წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. მეთოდი: გამოყენებულ იქნა შედარებითი პოლიტიკის ანალიზის მიდგომა. გაანალიზდა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების მოდელის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები, მინისტრის ბრძანებები და ნორმატიული აქტები. ჩატარდა ესტონეთის პირველადი ჯანდაცვის გამოცდილების ლიტერატურული მიმოხილვა. შედეგები: საქართველოში რეფორმა ცვლის ერთიან ფიქსირებულ კაპიტაციას ასაკზე მორგებული ანაზღაურების მოდელით, რომელიც უკეთესად ასახავს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არსებული ჯანმრთელობის საჭიროებებს. შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმი ხელს უწყობს პირველადი ჯანდაცვის მომწოდებლებს შემდეგი კლინიკური ინდიკატორების შესრულებას: არტერიული წნევის კონტროლი, ბავშვთა იმუნიზაცია. ინდიკატორების 30%-ზე ნაკლები შესრულების შემთხვევაში დაწესებულება დაკარგავს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს. დაწესებულებებს ასევე მოეთხოვებათ კონკრეტული სტრუქტურული პირობების დაკმაყოფილება, მათ შორის ქრონიკული დაავადებების ელექტრონული რეესტრების წარმოება, გაფართოებული სერვისპაკეტების მიწოდება და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა. ესტონეთის გამოცდილებამ აჩვენა ასეთი მექანიზმების ეფექტიანობა. მსგავსი სისტემის დანერგვამ 2006 წლიდან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქრონიკული დაავადებების ადრეული გამოვლენა, გაზარდა პრევენციული შემოწმებების სიხშირე და გააუმჯობესა პაციენტთა შედეგები, ხელი შეუწყო პაციენტის კმაყოფილების ამაღლებას და შეამცირა ზედმეტი ჰოსპიტალიზაცია. დისკუსია: ასაკზე მორგებული კაპიტაცია უზრუნველყოფს რესურსების სამართლიან განაწილებას პაციენტთა საჭიროებების შესაბამისად, ხოლო შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურება ქმნის ძლიერ სტიმულებს ხარისხის გაუმჯობესებისა და პრევენციული ჯანდაცვის განვითარებისათვის. წარმატებული განხორციელება მოითხოვს რამდენიმე გამოწვევის გადაჭრას: კვალიფიციური სამუშაო ძალის უზრუნველყოფას, ციფრული ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და პირველადი ჯანდაცვის გუნდების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ასევე აუცილებელია მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა და ინდიკატორების რეგულარული შეფასება, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი შედეგები, როგორიცაა მომწოდებლების დემოტივაცია. დასკვნა: ასაკზე მორგებული და შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვა მნიშვნელოვანი ცვლილებაა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში. ევროპულ საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით და ესტონეთის წარმატებული მაგალითის გათვალისწინებით, რეფორმას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, მოსახლეობის ჯანმრთელობის შედეგები და გაზარდოს ხარჯთეფექტიანობა. მისი წარმატება დამოკიდებული იქნება პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებაზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობაზე და სისტემის უწყვეტ მონიტორინგზე. კვლევა ხაზს უსვამს საერთაშორისო გამოცდილების მნიშვნელობას ეროვნულ კონტექსტში როგორც უფრო ეფექტიანი და სამართლიანი პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გზას.
წყაროები
• ასრათაშვილი ა., მინდიაშვილი ს., წიქორიძე თ., ქაფიანიძე შ. (2019). პირველადი ჯანდაცვის ექთნების როლი გულის უკმარისობის პაციენტების ინფორმირებულობის ამაღლებაში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 1, 29–34.
• ვერულავა თ, აბაშიძე გ. (2024). პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან პაციენტის ნდობაზე მოქმედი ფაქტორები. ეკონომისტი. 20 (4); 164-176
• ვერულავა თ., (2024). პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების მეთოდები საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები. ეკონომიკა და ბიზნესი, 16 (1)
• ვერულავა თ., ჯორბენაძე ა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმირების 1995-2003 წლების გამოცდილება და რეკომენდაციები. ეკონომისტი. 2022;2:23-41.
• ვერულავა თ., ჭილაძე გ., ბარკალაია თ. პირველადი ჯანდაცვის პერსონალის მოტივაციის და სამუშაოთი კმაყოფილების გამოწვევები საქართველოში. ეკონომისტი. 2022; 3.
• ვერულავა თ, ჯორბენაძე რ. (2020). პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭეობა და მიმართვიანობა: პაციენტების თვალსაზრისი ოჯახის ექიმის როლზე. ეკონომიკა და ბიზნესი. 12 (1).
• ვერულავა თ., ბერუაშვილი დ. (2019). ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (1).
• ვერულავა თ. (2018). პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში. გლობალიზაცია და ბიზნესი. ევროპის უნივერსიტეტი. (5): 259-262.
• EHIF (2018). Estonian Health Insurance Fund Yearbook 2018. Tallinn. (https://www.haigekassa.ee/sites/default/files/uuringud_aruanded/2018_majandusaastaaruanne_eng_0.pdf
• Family Physicians Association (2019). Hea tahte koostöökokkulepe „Perearstiabi jätkusuutlikkuse tagamine” [Goodwill cooperation agreement ‘Ensuring the sustainability of family medical care’]. (https://www.perearstiselts.ee/eestiperearstide-selts/meist/organisatsioon/hea-tahte-leppe
• Habicht T, Kasekamp K, Webb E (2022). Primary health care reforms in Estonia: using financial incentives to encourage multidisciplinary care. European Journal of Public Health, 32(Supplement_3). doi: 10.1093/EURPUB/CKAC129.625.
• Kantar EMOR (2022). Eesti elanike hinnangud arstiabile [Patient Evaluation of Health and Health care]. Tallinn. (https://www.tervisekassa.ee/sites/default/files/uuringud_aruanded/Elanike hinnangud arstiabile 2022_KantarEmor.pdf
• Kasekamp K, Habicht T, Kalda R (2022). The Milestones of Reforming Primary Health Care in Estonia. The Milestones of Refoming Primary Health Care in Estonia. https://www.lshtm.ac.uk/media/59811
• Kasekamp K, Habicht T, Võrk A, Köhler K, Reinap M, Kahur K, Laarmann H, Litvinova Y. Estonia: Health system review. Health Systems in Transition, 2023; 25(5): i–204.
• Koppel A, Meiesaar K, Valtonen H, Metsa A. Evaluation of primary health care reform in Estonia. Soc Sci Med 2003;56:2461–6.