ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის

ავტორები

  • თენგიზ ვერულავა მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ხანდაზმულები, პერსონალური შემოსავლები, მედიკამენტებზე დანახარჯები, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა

ანოტაცია

შესავალი: ხანდაზმულები ჯანმრთელობის თვალსაზრისით განეკუთვნება ერთ-ერთ მაღალრისკიან ჯგუფს. საქართველოში პენსიონერები მოცულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველი ქრონიკული ავადმყოფებისათვის დამატებით მოქმედებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. კვლევა მიზანია ხანდაზმულთათვის მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის შეფასება. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 700 პენსიონერის გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები: რესპოდენტთა უმრავლესობა მედიკამენტების მომხმარებელია, რომელთაგან 54% ერთდროულად იყენებს სამზე მეტ მედიკამენტს. ყველაზე ხშირად იყენებენ გულსისხლძარღვთა სისტემის მედიკამენტებს (66%). უმრავლესობა მედიკამენტებს იძენს ოჯახის ექიმთან მიმართვის გარეშე (57%) და ეწევა თვითმკურნალობას (37%). საშუალო თვიური შემოსავალი 220 ლარია, რომლისგან 76%-თვის შემოსავლის მთავარი წყარო სახელმწიფო პენსიაა. რესპოდენტთა მეტი წილი (39%) თვეში ხარჯავს 51-75 ლარის მედიკამენტს. მედიკამენტებზე საშუალო ხარჯი შეადგენს 72
ლარს, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 33%-ია. რესპოდენტთა 27% ჯიბიდან არაფერს იხდის მედიკამენტებზე, რადგან ჩართულნი არიან სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში. რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები ისევ მაღალია. პენსიონერთა 29% თვეში ჯიბიდან იხდის 51-75 ლარს. მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული საშუალო ხარჯი შეადგენს 56 ლარს, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 25%-ია. გამოკითხულთა საკმაო ნაწილმა მთავარ პრობლემად მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები დაასახელა (26%). თითქმის მესამედმა (31%) სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, ხოლო 15%-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეძლო მისი შეძენა. უმეტესობამ (64%) არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ანაზღაურებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული კატეგორიის პენსიონერებს. დისკუსია: ხანდაზმულთა მიერ მედიკამენტების შეძენა ოჯახის ექიმის გარეშე აჩვენებს მათ არარაციონალურ არჩევანს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის დროს. 2017 წელს ამოქმედებულმა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ გარკვეულწილად შეამსუბუქა ხანდაზმულების, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობა. თუმცა, რესპოდენტები უმთავრეს პრობლემად გამოყოფენ მედიკამენტების შეძენას. დაბალია დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის
შესახებ. დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, მედიკამენტებზე დანახარჯები მძიმე ტვირთად აწვება იმ ხანდაზმულთა შემოსავლებს, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველნი. მიზანშეწონილია, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ, სოციალურად დაუცველების გარდა, მოიცვას საპენსიო ასაკის ქრონიკული ავადმყოფებიც, რადგან პროგრამით მოუცველ პენსიონერთათვის მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები, არაიშვიათად, შესაძლოა კატასტროფული და შესაბამისად მათი გაღატაკების მიზეზი აღმოჩნდეს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-11-03

როგორ უნდა ციტირება

ვერულავა თ. (2019). ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6376

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3